top_leaderboard

Politico: ტრამპი და რუბიო ევროკავშირის ლიდერების ნაცვლად ქვეყნებს ცალ-ცალკე ესაუბრებიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროკავშირის ლიდერებთან ურთიერთობა გაყინა და ფსონი ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ლიდერებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებზე დადო. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ 20 იანვარს ინაუგურაციაზე ევროკავშირის არცერთი ლიდერი არ იყო მიწვეული, მაშინ როცა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა.

გარდა ამისა, ტრამპმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან, რომელიც, როგორც The Financial Times-ი იუწყება, დანიელებისთვის „ძალიან ცუდად“ წარიმართა, ვინაიდან ტრამპი გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებაში ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საგარეო საქმეთა ათეულობით მინისტრთან გამართა სატელეფონო საუბარი, მაგალითად პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან რადოსლავ სიკორსკისთან, ლატვიისა და ლიეტუვის პირველ დიპლომატებთან და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტონიო ტაიანისთან. თუმცა მას არცერთი ზარი არ განუხორციელებია ევროკავშირის წარმომადგენელთან.

Politico-ს მტკიცებით, ეს ერთგვარი ცივი შხაპის ეფექტის მქონეა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან მეგობრობდნენ.

ასევე იხილეთ