ჯეფრი საქსი: შესანიშნავი საუბარი მქონდა ნათია თურნავასთან. მოუთმენლად ველი თბილისში ჩასვლას
ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთან უნგრეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ლამფალუსის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის მის ჩასვლას თბილისში.
„მიხარია ამ ღონისძიებაზე დასწრება, რომელიც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების ლიდერების შესანიშნავი შეხვედრაა. დისკუსიები მნიშვნელოვან თემებს მოიცავს. მიხარია საქართველოს ცენტრალური ბანკის მმართველთან ნათია თურნავასთან ერთად აქ ყოფნა. მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. მოუთმენლად ველი თბილისში, რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რადგან ყოველთვის, როცა იქ ვარ, ძალიან კარგად მმასპინძლობენ“, თქვა საქსმა.
მისი განაცხადებით, კონფერენციაზე მათ ისაუბრეს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, კერძოდ, საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, მშვიდობაზე, ასევე აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე, თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ ინვესტიციებზე, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.