ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: სამართლებრივ ბაზას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, იქ არცერთი პუნქტი არ არის დარღვეული, რაც ამ ნაბიჯის სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა
სამართლებრივ ბაზას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, იქ არცერთი პუნქტი არ არის დარღვეული, რაც ამ ნაბიჯის სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ევროკავშირი აქაც ერთგვარ გაურკვევლობაშია, უნდათ, რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიება გაატარონ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ რა გააკეთონ.
„აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებას, პრინციპში, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ბაზა, რის გამოც ხდება დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღება. ამ სამართლებრივ ბაზას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, იქ არცერთი პუნქტი არ არის დარღვეული, რაც ამ ნაბიჯის სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა. ეს ერთი.
მეორე, აქაც ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ ფაქტობრივად, ევროკავშირი აქაც ერთგვარ გაურკვევლობაშია. უნდათ, რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიება გაატარონ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ, რომ იტყვიან ვერ გადაუწყვეტიათ რა გააკეთონ. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ამის რეალური მიზეზი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.