ლევან დავითაშვილი: ჩვენ მივესალმებით ინვესტიციას სხვადასხვა ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. მათ შორის, მშრალი პორტი ერთ-ერთი მახვილგონივრული მიგნებაა, როდესაც სატრანზიტო და სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივება ხდება
თბილისს გააჩნია მნიშვნელოვანი ლოკაცია, ამიტომ მშრალი პორტი მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც თბილისის მომარაგებას შეუწყოთ ხელი, ისე ზოგადად დერეფანში საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციებს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა.
„ეს უკვე ერთ-ერთი საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტია. საკმაოდ დიდია ამ პროექტის პოპულარობა შეიძლება ასე ითქვას. დიახ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ამაღლებაზე, ჩვენთვის უფრო მეტად საინტერესოა ქვეყანაში იქმნებოდეს მეტი დამატებითი ღირებულება და ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფერო იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენს ეკონომიკაში, ამიტომ თუ არ გვექნება გამართული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, დამატებითი ღირებულება ამ სფეროებიდან ნაკლებად შეიქმნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ინვესტიციას სხვადასხვა ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მათ შორის, მშრალი პორტი ერთ-ერთი მახვილგონივრული მიგნებაა, როდესაც სატრანზიტო და ზოგადად სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივება ხდება. თბილისს გააჩნია მნიშვნელოვანი ლოკაცია, ამიტომ ეს მშრალი პორტი მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც თბილისის მომარაგებას შეუწყოთ ხელი, ისე ხელი შევუწყოთ ზოგადად დერეფანში საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციებს და აქაც წარმოდგენილია აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო კომპანია „აბუ-დაბი პორტები“, რომელიც ვფიქრობ, მსოფლიოში დღეს ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი საპორტო ოპერატორია. ის შეიძლება დღეს ყველაზე დიდი არ არის, მაგრამ უახლოეს ხანებში ის შეიძლება იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საპორტო ოპერატორი იმიტომ, რომ კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება, ძალიან სწრაფად ხდება ექსპანსია, ბევრ პორტში უკვე ოპერირებენ, საქართველოში უკვე აქვთ პირველი გამოცდილება, ვფიქრობ წარმატებული გამოცდილება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, პორტის გახსნის პრეზენტაცია 2025 წელს იგეგმება. პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა, თუმცა მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება და ახლა ოპერირების ბოლო დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.
„ვათანხმებთ ინვესტორთან და 2025 წელს ჩვენ გვექნება გახსნა. ეს იქნება ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი მესიჯი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ინვესტორებისთვის, რომ ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესოა და მე ველოდები უახლოეს ხანებში იგივე ამ ინვესტორის საქართველოში ყოფნის და ინვესტიციების გაფართოებას, დამატებით ინვესტიციებს და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ველოდებით დადებით გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.