Euractiv: საფრანგეთი მზადაა გრენლანდიაში ჯარები განათავსოს და აშშ-ს დაუპირისპირდეს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ევროკავშირმა გრენლანდიაში საკუთარი ჯარები განალაგოს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
ეს განცხადება ბარომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ამერიკასთან გრენლანდიის შეერთების სურვილის ფონზე გააკეთა, აღნიშნავს სააგენტო.
საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირი საკუთარი ჯარების განლაგების შესახებ დანიასთან მოლაპარაკებებს მართავს. ეს მოხდება, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. „დღესდღეობით, დანია ამას არ საჭიროებს“, – თქვა ბარომ.
მისი თქმით, არქტიკის რეგიონი უცხოური ჩარევის რისკის ფონზე კონფლიქტის ახალი ველი ხდება. „ევროპული ქვეყნების მხრიდან დიდი სოლიდარობაა, და ისინი მზად არიან იფიქრონ [ჯარების განთავსებაზე], თუ საქმე აქამდე მივა“, – დასძინა ბარომ.