top_leaderboard

ლადო ბოჟაძე: საქართველო არ განიხილავს ახალი არჩევნების საკითხს

დელეგაციას შეუძლია, აპრილამდე არ დაიცადოს, დღესვე შეგვიძლია ვუთხრათ საპარლამენტო არჩევნების თარიღი, ეს არის 2028 წლის 28 ოქტომბერი”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გასამართ დებატებს გამოეხმაურა.

“თქვენ იცით, რომ საქართველო არ განიხილავს ახალი არჩევნების საკითხს. ქვეყანაში დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს, სადაც ასევე ოპოზიციას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და 4 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ შეგვეძლება ჩვენ გავზომოთ არ მხოლოდ “ქართული ოცნების,” არამედ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი, ჩვენ მაინც იმედიანად ვართ განწყობილები, რომ საპარლამენტო ასამბლეას ეყოფა ღირსება და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და არა უსამართლოს, როგორსაც პოლიტიკური და პარტიული დაკვეთა აქვს. თქვენ იცით, რომ, ძირითადად, ის პოლიტიკოსები და ის სახელმწიფოები აქტიურობენ, რომლებიც დიდი ხანია შეიმჩნევიან რადიკალურ ოპოზიციასთან მეგობრობასა და საქართველოს მტრობაში. თქვენ იცით, რომ ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ოპოზიციონერები”, – აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.

ცნობისთვის, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. არ არის გამორიცხული, მონიტორინგის კომიტეტის პროექტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და, სადაც კონკრეტულ დათქმებზეა საუბარი, შესწორებები შევიდეს.

ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აპრილის სესიამდე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა ახალი არჩევნებისთვის. დოკუმენტში, ასევე, საუბარია ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ეფექტიან გამოძიებასა და დაკავებულების გათავისუფლებაზე. “ქართულმა ოცნებამ” საპასუხო ცვლილებები მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ, ახალი არჩევნების ჩასატარებლად, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ასევე იხილეთ