აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საგარეო დახმარების დაფინანსების გაყინვასთან დაკავშირებით ახალი გამონაკლისები დაუშვა
აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საგარეო დახმარების დაფინანსების გაყინვასთან დაკავშირებით ახალი გამონაკლისები დაუშვა. ამის შესახებ რუბიოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც The Washington Post ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუბიო დროებით დათანხმდა თანხების დახარჯვას ჰუმანიტარულ პროგრამებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ „სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლებით, სამედიცინო მომსახურებით, საკვებით, თავშესაფრითა და საცხოვრებლით დახმარებას, აგრეთვე მარაგებს და გონივრულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია ასეთი დახმარებისთვის“.
თუმცა, სახელმწიფო მდივანს გამონაკლისები არ დაუშვია იმ პროგრამებისთვის, რომლებიც მოიცავენ „აბორტს, ოჯახის დაგეგმვის კონფერენციებს, გენდერულ პროგრამებს“, ან მრავალფეროვნების პროგრამებს, „სქესის შეცვლის ოპერაციებს, ან სხვა დახმარებას, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას არ უკავშირდება“.
„არსებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემსრულებლებმა, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავენ, უნდა გააგრძელონ, ან განაახლონ მუშაობა, თუ შეჩერებულები იყვნენ“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ მემორანდუმში.
ამავდროულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მსგავსი აღდგენა დროებითი ხასიათისაა და, გარდა ინდივიდუალური უარის თქმის, ან იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია ამ უარის შესრულება, ახალი კონტრაქტები არ უნდა გაფორმდეს“.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას რუბიომ ბრძანა, შეჩერებულიყო ყველა ახალი საგარეო დახმარების დაფინანსება, ვიდრე ისინი შემოწმებას არ დაექვემდებარებიან.
უკრაინის ოფიციალური პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ ახალი სახელმწიფო მდივნის თანხმობის გარეშე, ისეთი პროგრამები, როგორებიცაა სკოლებისა და საავადმყოფოების მხარდაჭერა, ასევე, ეკონომიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ძალისხმევა, შეიძლება, ვერ განხორციელდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საგარეო დახმარების გაყინვა არ ეხება ისრაელისა და ეგვიპტის სამხედრო დაფინანსებას, გადაუდებელ სასურსათო დახმარებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.