ვახტანგ ჩოჩია: ქართველი ხალხი ამაყია, ულტიმატუმის ენით საუბარსა და შანტაჟს ვერ აიტანს
„ქართველი ხალხი ამაყია, ულტიმატუმის ენით საუბარსა და შანტაჟს ვერ აიტანს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს მიმართ და „ქართული ოცნების“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას.
მისივე თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი მისთვის მიუღებელია.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ქართველი ხალხი არის ამაყი ხალხი, რომელიც ვერ აიტანს ულტიმატუმის ენით საუბარს, ის ვერ აიტანს შანტაჟს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დროებით აჩერებს მუშაობას, იმის მიუხედავად, რომ ევროპის საბჭომ დღეს კიდევ ერთხელ აღიარა ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია. ვიდრე გაგრძელდება საქართველოსთან, არა როგორც პარტნიორთან, არამედ, როგორც პატარა ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არ ჩაერთვება სამუშაო რეჟიმში ევროპის საბჭოში“, – აღნიშნავს ვახტანგ ჩოჩია.