FBI-მ ვაშინგტონში თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზად ტერაქტის ვერსია გამორიცხა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ვაშინგტონში American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზად ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. ინფორმაციას NBC News-ი გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის განყოფილება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კატასტროფის გამოძიებაში ეხმარება.
„ვაშინგტონის FBI-ის რეაგირების რაზმი რონალდ რეიგანის სახელობის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში მომხდარ საავიაციო ინციდენტზე საპასუხოდ ჩვენს პარტნიორებს სამართალდამცავი ორგანოებიდან და საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან ეხმარება“, – ციტირებს ტელეარხი FBI-ის განცხადებას, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა.
ცნობისთვის, ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა მდინარიდან 18 ადამიანის ცხედრის ამოყვანა მოახერხეს.