მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა მნიშვნელოვანი ფორმატია, სხდომას უხელმძღვანელებენ პრემიერ-მინისტრები
საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა მნიშვნელოვანი ფორმატია, მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ სხდომას უხელმძღვანელებენ პრემიერ-მინისტრები, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ორ ქვეყანას აქვს საერთო ინტერესები და სურვილები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები.
„დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ერევანში. ჩატარდება საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ სხდომას უხელმძღვანელებენ პრემიერ-მინისტრები. მასში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სომხეთის და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, რაც მიანიშნებს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან ბევრი საკითხი, რაზეც ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო სურვილები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს შეეხება, ეკონომიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, რაც ორივე ქვეყნის ინტერესში არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ნამდვილად აქვს სურვილი, ხელი შეუწყოს ჩვენს რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზაობას, რომ ვიყოთ ხელშემწყობი იმ სამშვიდობო პროცესის, რომელიც ჩვენს მეზობლებს შორის მიმდინარეობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.