top_leaderboard

ისრაელის მხარემ ხან იუნისში პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა

ისრაელის მხარემ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება შეაჩერა ხან იუნისში, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განვითარებული ქაოსური მოვლენების გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტობუსებს, რომელთაც პატიმრები გადაჰყავდათ, უკან, ციხეებში დაბრუნების ბრძანება მიეცათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მიიღეს.

ისრაელელი მძევლების დაბრუნების შემდეგ 110 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება იგეგმებოდა, თუმცა ეს პროცესი ამჟამად შეჩერებულია. ხან იუნისში მძევლების გადაცემისას ადგილზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბა, რამაც ქაოსი გამოიწვია. მოვლენები განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც 80 წლის ისრაელელი მძევალი შენიშნეს ხალხის მასაში. შექმნილ ვითარებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და „შემაშფოთებელი“ უწოდა.

„ეს კიდევ ერთი დასტურია ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წარმოუდგენელი სისასტიკისა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და მძევლების უსაფრთხოების გარანტირების უზრუნველყოფა მოითხოვა.

ქაოსური ვითარების მიუხედავად, შვიდი მძევალი – ორი ისრაელი და ხუთი ტაილანდის მოქალაქე – უკვე ისრაელის ტერიტორიაზე არიან.

ასევე იხილეთ