top_leaderboard

მაჭავარიანი გერმანიის ელჩისა და საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებებზე: ეს არის აბსურდის თეატრი

„ეს არის სრული აბსურდი, აბსურდის თეატრი, რაშიც ძალიან სამწუხაროდ, გერმანიის ელჩიც ჩართულია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ელჩისა და საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის სრული აბსურდი, აბსურდის თეატრი, რაშიც ძალიან სამწუხაროდ, გერმანიის ელჩიც ჩართულია. თუ იგი დღემდე ფიქრობს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, არ ვიცი ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო.

იგივე წარმატებით მას შეუძლია იფიქროს, რომ ვანო მერაბიშვილი არის შს მინისტრი და ითამაშონ ეს სახლობანა. ბატონი ხაზარაძე იქ ალტერნატიულ პარლამენტზე საუბრობდა და რაღაც დოკუმენტაციას ქმნიან, რომ ახალი არჩევნები ჩავატაროთო. გააგრძელონ ამ პარალელურ სამყაროში ცხოვრება, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, დიპლომატიური კორპუსიდან დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, რომ მალე დაბრუნდნენ რეალობაში“, – აღნიშნავს მაჭავარიანი. 

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერს სებასტიან ფიშერს პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განმარტება მოსთხოვა 15 იანვარს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაზე. საუბარი ეხება გერმანიის ელჩის მიერ სალომე ზურაბიშვილის კვლავ მოქმედ პრეზიდენტად მოხსენიებას. ამასთან, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც, 22 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

ასევე იხილეთ