Reuters: ერაყელი ლტოლვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში შვედეთის პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა
შვედეთის პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა ერაყელი ლტოლვილის სალვან მომიკას მკვლელობის გამოძიების ფარგლებში. მომიკა შვედეთში ყურანის დაწვის კამპანიებით გახდა ცნობილი. ინფორმაციას Reuters პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, 38 წლის ერაყელი ლტოლვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დააკავეს. უწყებას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა დაკავებულებს შორის სალვან მომიკას სავარაუდო მკვლელი.
მომიკა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. მისი ცხედარი 29 იანვარს, საღამოს სტოკჰოლმის მახლობლად, ქალაქ სედერტელიეში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მკვლელობაში გარე ძალაა ჩართული.
„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ უსაფრთხოების სამსახურები დეტალურად იძიებენ საქმეს, რადგან აშკარად არსებობს უცხო ძალასთან კავშირის რისკი“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე.
სალვან მომიკა ერაყიდან შვედეთში 2018 წელს ჩავიდა და 2021 წელს სამწლიანი ბინადრობის ნებართვა მიიღო. ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2023 წლის ზაფხულში, როდესაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების დროს საჯაროდ რამდენჯერმე ყურანი დაწვა.
შვედეთში ყურანის დაწვამ მუსულმანურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია.
სტოკჰოლმის სასამართლოს ყურანის დაწვის საქმეზე მომიკასთვის და კიდევ ერთი ბრალდებულისთვის 30 იანვარს უნდა გამოეტანა განაჩენი „ეთნიკური, ან ეროვნული ჯგუფის წინააღმდეგ აგიტაციის ბრალდებით“, მაგრამ მომხდარის გამო პროცესი გადადო.