მაჭავარიანი: გვაქვს მოლოდინები, ამერიკაში რა პროცესიც დაიწყო, ევროპაზეც გადავა და ევროკავშირის მხრიდანაც იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ
ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. აქ უბრალოდ არის PACE-ზე საუბარი, ევროსაბჭოს ერთ-ერთ სტრუქტურაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მიდგომები შეიცვლება და საღი აზრი გაიმარჯვებს ევროპაშიც, ისევე, როგორც უკვე გაიმარჯვა აშშ-ში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მმართველი გუნდის დეპუტატი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხრიდანაც იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
„შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც წინა ადმინისტრაცია იყო ამერიკის ხელისუფლებაში, პრესსპიკერი მეთიუ მილერი ფაქტობრივად დღე არ გადიოდა ისე, რომ ჟურნალისტებთან საუბარს საქართველოთი არ იწყებდა და რაღაც აბსურდულ ბრალდებებს ამბობდა. მრავლად გვახსოვს ეს ყველაფერი.
ხედავთ, რომ მოვიდა ახალი ადმინისტრაცია, საღმა აზრმა გაიმარჯვა, გამოუცხადა ამ ახალმა ადმინისტრაციამ ღია ომი, ბრძოლა „დიფ სთეითს“, რომელსაც ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით და თითქოს ეს შეთქმულების თეორია იყო ჩვენი მხრიდან. არ მგონია, რომ ბატონი დონალდ ტრამპი წამოეგებოდა „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიას და შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გადავა ევროპაშიც.
ისევ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები რომ მოვიშველიო, რომელიც მრავლად არის, მაგალითად ილონ მასკის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პიროვნებაა დონალდ ტრამპთან, იგი პირდაპირ აცხადებს, რომ ჭარბი ძალაუფლება არის ბრიუსელის ბიუროკრატების ხელში და ამას იწვევს ჯორჯ სოროსი, პირდაპირ აცხადებენ ამას. სანამ ეს ასე გაგრძელდება და ამხელა ძალაუფლება იქნება ბრიუსელის ხელში, შესაბამისად, მიდგომებიც იქნება ასეთი უსამართლო.
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია ურჩევს ევროპის ქვეყნებს, რომ დროა უფრო თქვენს სუვერენიტეტზე იზრუნოთ და გათავისუფლდეთ რაღაც გავლენებისგან, რომლის უკანაც ჯორჯ სოროსი დგას. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინები, ამერიკაში რა პროცესიც დაიწყო, ევროპაზეც გადავა და ევროკავშირის მხრიდანაც იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.