სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მდინარე დუნაიზე მდებარე ერთ-ერთი ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაბლოკეს
სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მდინარე დუნაიზე მდებარე ერთ-ერთი ხიდი მთელი ღამის განმავლობაში დაბლოკეს. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, სერბმა სტუდენტებმა კორუფციის საწინააღმდეგო აქციის ფარგლებში 24 საათით დაბლოკეს ქალაქ ნოვი სადში მდებარე ხიდი.
აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ სერბი ფერმერები, რომლებმაც ხიდთან ახლოს ტრაქტორები დააყენეს. მათი თქმით, ამ გზით ისინი ცდილობდნენ, დაეცვათ სტუდენტები სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერთა შესაძლო თავდასხმებისგან.
სერბეთის უნივერსიტეტების სტუდენტები ხელმძღვანელობენ მასობრივ ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელიც მას შემდეგ აგორდა, რაც პირველ ნოემბერს ნოვი სადის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში ბეტონის შენობის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა მთავრობაში არსებულმა კორუფციამ და სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაუდევრობამ გამოიწვია.
ეს საქმე სერბეთში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემებით უკმაყოფილების სიმბოლო გახდა.
აქციები სერბეთში, უკვე სამი თვეა, გრძელდება. გასული კვირის დასაწყისში აქციების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.
როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ აღნიშნავს, 2 თებერვალს სერბეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია RTS-მა მოულოდნელი გამონაკლისი დაუშვა და პირდაპირი ტრანსლაცია გამართა ნოვი სადში გამართული აქციიდან, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
სერბეთის მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის მიერ ხიდების ბლოკირების გაშუქება გააკრიტიკა. პარტიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ტელევიზიამ თავისი სკანდალური რეპორტაჟებით „დაარღვია ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის ყველა წესი და ღირებულება“.