ანჯეი დუდას თქმით, თუ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგება, პოლონეთი ჩართული უნდა იყოს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ მისმა ქვეყანამ მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალში გასამართ მოლაპარაკებებში. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
დუდას თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთისა და უკრაინის გარდა სხვა სახელმწიფოებსაც მიიწვევს, „უკრაინის ინტერესებში იქნებოდა, ეს ქვეყანა პოლონეთი რომ იყოს“.
„თუ აღორძინებულ რუსულ იმპერიალიზმს შევხედავთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლონეთის და უკრაინის ინტერესები თანხვედრაშია“, – ამბობს ის.