გოგლიჩიძემ „რომასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა, მაგრამ კლუბები ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი ჩაიშალა
საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველმა საბა გოგლიჩიძემ „რომასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა.
Geo Team-ის ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძე და „რომა“ 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. საუბარი იყო სეზონის ბოლომდე დედაქალაქურ გუნდში იჯარასა და ტრანსფერის სავალდებულო გამოსყიდვაზე. სეზონის დასრულების შემდეგ 4-წლიანი კონტრაქტი ავტომატურად ამოქმედდებოდა. დარჩენილი იყო მხოლოდ შეთანხმება „რომასა“ და „ემპოლის“ შორის, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.
გამოცემა Romapress-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოოდ, „რომამ“ „გალათასარაიდან“ ვიქტორ ნელსონის აყვანა გადაწყვიტა. დედაქალაქურმა კლუბმა დანიელი ცენტრალური მცველის ტრანსფერი პრიორიტეულად მას შემდეგ მიიჩნია, რაც „ლას პალმასთან“ მიკა მარმოლის, ხოლო „ემპოლისთან“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.
როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, ამჟამად „რომა“ და „გალათასარაი“ ტრანსფერზე შეთანხმებას ცდილობენ, ნელსონი მარმოლთან და გოგლიჩიძესთან შედარებით უფრო გამოცდილი მოთამაშეა, ამიტომაც რომაელებმა არჩევანი მასზე შეაჩერეს და იმედოვნებენ, რომ გარიგებას უახლოეს საათებში დაასრულებენ.