დანიის პრემიერი: გრენლანდია არ იყიდება
გრენლანდია არ იყიდება, – ასე გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინტერესი, შეიძინოს გრენლანდია, ხუმრობა არ არის“.
„გრენლანდია დღეს დანიის სამეფოს ნაწილია. ის ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და არ იყიდება“, – განაცხადა ფრედერიქსენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ.
ამასთან, დანიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეთანხმება აშშ-ის მოსაზრებას, რომ არქტიკის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც საუბარია უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.
„ასე რომ, თუ ეს ეხება სამყაროს ჩვენი ნაწილის დაცვას, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ წინსვლის გზა”, – თქვა მან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დანიის ავტონომიურ ტერიტორიას შეერთებული შტატების ნაწილად აქცევს, რისთვისაც სამხედრო, ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.