პანამის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, გადახედოს თანამშრომლობის შეთანხმებებს ჩინეთთან
პანამის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, გადახედოს თანამშრომლობის შეთანხმებებს ჩინეთთან, – ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინოს აცხადებს, რომ პანამის ხელისუფლება მზადაა, გადახედოს თანამშრომლობის შეთანხმებებს ჩინეთთან, მათ შორის 2021 წელს დადებულ კონცესიის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია პანამის არხის ორ პორტს მართავს.
პანამის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პანამა არ გაახანგრძლივებს ჩინეთთან შეთანხმებას ჩინურ ინიციატივაში „სარტყელი და გზა“ ქვეყნის მონაწილეობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პანამის არხზე სუვერენიტეტი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს.
ამავე დროს, პანამის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანამა მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-სთან არალეგალური მიგრანტების დაბრუნების საკითხზე – არა მხოლოდ პანამიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც.
შეგახსნებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამაში ვიზიტისას პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პანამის არხის მუშაობაში აუცილებელია ცვლილებები. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუბიომ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩინური გავლენა საფრთხეს უქმნის პანამის არხის მუშაობას. პანამის ხელისუფლება უარყოფს, რომ არხის ფუნქციონირებაზე კონტროლი ჩინეთს გადასცა. როგორც საგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, არხი, როგორც ასეთი, პანამის მართვის ქვეშაა. ამავე დროს, ორი პორტი – არხის ორივე მხარეს – იმართება ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანიის მიერ, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსი აქვს. რამდენიმე სხვა პორტს მართავენ კომპანიები აშშ-დან, სინგაპურიდან და ტაივანიდან. ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ აპირებს არხზე კონტროლის დაბრუნებას. მას არ უთქვამს, რას გულისხმობს კონკრეტულად.
პანამის არხის ზონა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აშენდა, დიდი ხნის განმავლობაში იყო აშშ-ის მართვის ქვეშ, თუმცა 1999 წელს საბოლოოდ გადავიდა პანამის იურისდიქციაში.
ცნობისთვის, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში რუბიო პანამის შემდეგ ეწვევა სალვადორს, კოსტა-რიკას, გვატემალასა და დომინიკის რესპუბლიკას. ლათინურ ამერიკაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, მაურისიო კლავერ-კარონეს თქმით, ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს არის სახელმწიფო მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი ლათინურ ამერიკაში.