ტუსკი: აშშ-თან „სულელური“ სავაჭრო ომები თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ ევროკავშირის თავმოყვარეობა შევინარჩუნოთ
ევროპის მიმართ რუსეთის პირდაპირი საფრთხისა და და ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის პირობებში, ევროკავშირმა უნდა აირიდოს სავაჭრო ომები და კონფლიქტები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ, ამავდროულად, შეინარჩუნოს საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი ინტერესების მიმართ ერთგულება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 3 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ განაცხადა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ახლა არ სჭირდება სავაჭრო კედლები, ან ომები, მაგრამ ევროკავშირის სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ინტერესების დასაცავად.
„თუ პირდაპირი რუსული საფრთხის, ჩინეთის ექსპანსიისა და ყველა ამ ძალიან საშიში რამის დროს ჩვენ მოვძებნით და ვიპოვით მიზეზს ერთმანეთთან კონფლიქტისთვის – ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აბსოლუტურად არასაჭირო და სულელური სატარიფო კედლები, ან სავაჭრო ომები. მაგრამ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან შესაძლო მოლაპარაკებების დროს ჩვენ არ შეგვიძლია, დავკარგოთ გონიერება და ჩვენი ინტერესების გაცნობიერება“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაკარგოს თავისი „მე“, „ევროპული თავმოყვარეობა და თავდაჯერებულობა, თუმცა ეს ადვილი არ არის“.
ამასთან, დონალდ ტუსკი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ხელმძღვანელი, დანიას დაჰპირდა, რომ ევროკავშირი ერთიანი იქნება მისი ინტერესების დასაცავად (გრენლანდიის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების კონტექსტში).
„მე ასევე ვპირდები ჩვენს დანიელ მეგობრებს, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთიანები. ეს, ალბათ, პირველი ასეთი სერიოზული გამოცდაა, რადგან ასეთი პრობლემა ალიანსის წევრებს შორის პირველად წარმოიშვა“, – განაცხადა მან.
ამავე დროს, ტუსკმა დაადასტურა, რომ ის და ევროკავშირის სხვა ლიდერები, „ყველანი ძალიან ტრანსატლანტიკურები არიან“.
„თქვენ იცით, რომ მე ვიყავი და ყოველთვის ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული ტრანსატლანტიკოსი – როგორც დანია, ასევე, ბალტიის ქვეყნები, ჩვენი მეზობლები“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.