ორბანი: მოლაპარაკებების გარეშე უკრაინა ევროკავშირის ავღანეთი გახდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გარეშე უკრაინა რისკავს, გახდეს ევროკავშირის ავღანეთი. ამის შესახებ მან Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანმა დიდი შეცდომა უწოდა იმას, რომ 2022 წლის თებერვალში დასავლეთი უკრაინის დახმარებაში ჩაერთო.
„კონფლიქტისგან დაუყოვნებლივ იზოლირებულები უნდა ვყოფილიყავით, უნდა მიგვეღწია ცეცხლის შეწყვეტისთვის და დაგვეწყო მოლაპარაკებები. თავიდანვე ცხადი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იყო, თუ არ დავიწყებდით სრულმასშტაბიან ომს. ეს არ იყო გამოსავალი. ერთადერთი გზა დღეს უკრაინის დასახმარებლად არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა“, – განაცხადა მან.
ამავდროულად, ორბანის თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა. მან ასევე გააპროტესტა მოსაზრება, რომ დასავლეთმა უკრაინას არ მიაწოდა საკმარისი რაოდენობის იარაღი, რის გამოც დრო და ადამიანთა სიცოცხლე დაიკარგა.
„არანაირი იარაღი არ იქნებოდა საკმარისი. დასავლეთს შეუძლია, მოიგოს ეს ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში თავის სამხედროებს გაგზავნის. ჩვენ ეს გამოვრიცხეთ. უკრაინელებს უბრალოდ არ ჰყავთ საკმარისი ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ ახლა ტრამპია საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ სუსტი ლიდერები ომებს იწვევენ, ძლიერები კი მშვიდობას ქმნიან.
მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ ვარაუდთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი აღებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდება და უფრო შორს წავა.
„არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში. აზრი არ აქვს სპეკულირებას. მაგრამ ჩვენ ახლა დიპლომატია გვჭირდება. ევროპელები ფიქრობენ, რომ მორალურია მოლაპარაკების არ გამართვა. ეს აბსურდია! ეს არის ის, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ ომში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გააგრძელებს განადგურებას და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი“, – განაცხადა ორბანმა.