„ორლანდო“ „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში მორიგი შეხვედრა სტუმრად „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 99:104 დამარცხდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი „ორლანდოს“ ძირითად ხუთეულში იყო, მოედანზე 20 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. ბითაძემ თამაშიდან მეტოქის ფარს 8-ჯერ შეუტია, საიდანაც 2 ტყორცნა იყო ზუსტი, მან ასევე 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება მოხსნებს, ქართველმა 8-ჯერ ბურთი საკუთარი, ხოლო 6-ჯერ მეტოქის ფარიდან მოხსნა.
„ორლანდოს“ რიგებში 26 ქულით ყველაზე შედეგიანი კოულ ენტონი გახლდათ, 21 ქულით დაასრულა მატჩი გერმანელმა ფრანც ვაგნერმა. „გოლდენ სტეიტის“ გამარჯვება კი, ძირითადად, ენტონი უიგინსისა (25 ქულა) და სტეფ კარის (24 ქულა) კარგმა თამაშმა განაპირობა.
ამ მომენტისთვის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში 24 გამარჯვებითა და 27 მარცხით მე-8 ადგილზეა.