სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის ძალების ფრონტიდან გაყვანას
ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში საომარ მოქმედებებში იანვრის შუა რიცხვებიდან არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap იუწყება სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით.
ამრიგად, სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურა The New York Times-ის ანგარიში, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან იანვრის შუა რიცხვებში გაიყვანეს მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო.
„იანვრის შუა რიცხვებიდან არ ყოფილა არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში განლაგებული ჩრდილოეთ კორეის ჯარები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში“, – აცხადებენ სამხრეთ კორეის დაზვერვის წარმომადგენლები.
ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 11 000 ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ ომში. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, მათგან 300 დაიღუპა და დაახლოებით 2 700 დაშავდა.