იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პოლიტიკაში ბრუნდება და ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც გამოცემის წყაროები იუწყებიან, ეს ხდება იმ დროს, როდესაც ნორვეგია შეშფოთებულია აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოტენციური სავაჭრო ომის გამო.
„ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო 2000-2001 და 2005-2013 წლებში, დღეიდან დაიკავებს ფინანსთა მინისტრის პოსტს. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნის კოალიციური მთავრობა დაიშალა ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გამო.
სტოლტენბერგი ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნატო-ს. მედიის ცნობით, სტოლტენბერგი ცნობილია აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობებით. მისი ხელმძღვანელობის დროს შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდნენ სამხედრო ალიანსში, რაც მოხდა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.