ჯეი დი ვენსი მომავალ კვირას პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი მომავალ კვირას პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპას ეწვევა. ამის შესახებ გამოცემა The Hill ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
კერძოდ, ვენსი ვიცე-პრეზიდენტის რანგში მომავალ კვირას გერმანიასა და საფრანგეთში ჩასვლას გეგმავს.
საფრანგეთში ვენსი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის სამიტში, რომელიც 10-11 თებერვალს პარიზში გაიმართება.
იქიდან ვიცე-პრეზიდენტი გერმანიაში გაემგზავრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართება. აშშ ღონისძიებაზე გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე, როდესაც კონფერენციაზე კამალა ჰარისი იმყოფებოდა.
დონალდ ტრამპს მეორე ვადით აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი საგარეო ვიზიტის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.