ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ევროკავშირი მხარს დაუჭერს დანიას სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვაში ისე, როგორც ამას უკრაინისთვის აკეთებს
თუ დანიის ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ევროკავშირი მას მხარს დაუჭერს სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვაში ისე, როგორც ამას უკრაინის შემთხვევაში აკეთებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია ევროკავშირის ერთიანი პასუხი დანიის დაქვემდებარებაში მყოფ გრენლანდიაზე აშშ-ის შესაძლო ტერიტორიულ პრეტენზიასთან დაკავშირებით.
კოსტამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს წესდებაში დადგენილ პრინციპებს სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ, მხარს უჭერს უკრაინას მათ დაცვაში და იგივე პოზიციას იკავებს დანიის მიმართ.
„ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს წესდებას – სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს. ეს უნივერსალური პრინციპებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ პრინციპების დაცვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრინციპებს კიდევ უფრო დავიცავთ, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვას [ევროკავშირის] ყველა წევრი სახელმწიფოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირი დანიის სამეფოს სრულად უჭერს მხარს“, – ხაზგასმით აღნიშნა ანტონიო კოსტამ.