ანდჟეი დუდა: უკრაინაში ომის დასრულებამ, შესაძლოა, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გაზრდა გამოიწვიოს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები, შესაძლოა, საფრთხის შემცველნი გახდნენ არა მხოლოდ ევროპისთვის.
დუდას აზრით, ზოგ ომგამოვლილ ჯარისკაცს შერყეული ფსიქიკა ექნება. მისი თქმით, ბევრი მათგანი ვერ იპოვის თავს საზოგადოებაში და სამსახურის პოვნა იქნება მათთვის რთული.
„წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ათასობით ადამიანი ფრონტის ხაზიდან ბრუნდება სახლში. მათ უმრავლესობას, რომლებიც რუსეთს ებრძოდნენ, ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებათ“, – ციტირებს გამოცემა დუდას.
პოლონეთის პრეზიდენტმა გაიხსენა 1990-იანი წლების რუსეთი, სადაც საბჭოთა ჯარის ავღანეთში ნაომარი ვეტერანები სსრკ-ს დანგრევის შემდეგ კრიმინალურ დაჯგუფებებში გაწევრიანდნენ.
„გაიხსენეთ დრო, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ხოლო დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ორგანიზებულმა დანაშაულმა იფეთქა“, – თქვა დუდამ.
ინტერვიუში მან აგრეთვე სკეპტიციზმი გამოთქვა უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმის საფრთხის ქვეშაა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ქვეყანა უკვე უწევს არსებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას.