Politico: დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ სამიტს მაისში უმასპინძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი 19 მაისს Brexit-ის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს უმასპინძლებს, რათა განიხილონ მისი გეგმები ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ. ამის შესახებ Politico იტყობინება.
3 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ სამიტი ფოკუსირებული იქნება „ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის განვითარებაზე, რომელიც შეგვიძლია, ერთად ავაშენოთ“.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოს და ევროკავშირს ერთად მეტის გაკეთება სურთ“, – განუცხადა კოსტამ ჟურნალისტებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე დაადასტურა, რომ სამიტი მაისში გაიმართება და მას დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ლონდონი და ბრიუსელი „განიხილავენ უსაფრთხოების უფრო ღრმა თანამშრომლობის სტრუქტურასა და ფორმატს და სხვა საკითხებს“ მაისში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ერთობლივი თავდაცვის სამიტზე.
შეხვედრის ფორმატი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობა ჯერ დადასტურებული არ არის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა ადრე განაცხადა, რომ ცდილობს, ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება გააუმჯობესოს, რომელსაც ლონდონმა ბრიუსელთან ბლოკიდან გასვლის შემდეგ მოაწერა ხელი.