მარკო რუბიო: სალვადორის პრეზიდენტმა აშშ-ს შესთავაზა თავის ციხეებში განათავსოს საშიში ამერიკელი კრიმინალები და მიიღოს ნებისმიერი ეროვნების დეპორტირებულები
სალვადორის პრეზიდენტმა აშშ-ს შესთავაზა თავის ციხეებში განათავსოს საშიში ამერიკელი კრიმინალები და მიიღოს ნებისმიერი ეროვნების დეპორტირებულები, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს შეთავაზებას „არაჩვეულებრივი მეგობრობის აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მოიცავს ნებისმიერი ეროვნების ნებისმიერი კრიმინალის დეპორტაციას, მათ შორის საერთაშორისო კრიმინალური ბანდების MS-13 ან Tren de Aragua-ს წევრების, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციები.
„არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია ისეთი მეგობრობის შეთავაზება, როგორიცაა ეს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
თავის მხრივ, სალვადორის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის, მიიღოს მხოლოდ მსჯავრდებული კრიმინალები საფასურის სანაცვლოდ, თუმცა საფასური შედარებით დაბალი იქნება აშშ-სთვის.