top_leaderboard

იაშვილის კლინიკა – გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება, ამ დიაგნოზით მკურნალობს მხოლოდ ერთი პაციენტი

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს კლინიკაში 120 ბავშვი იმყოფება, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს და ინტოქსიკაციის მიზეზები მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით ინტოქსიკაციის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ამაზე განცხადება გაავრცელა კომპანია „IDS ბორჯომმა“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

ასევე იხილეთ