ლევან მახაშვილი: ბევრი კითხვის ნიშანია, საგამოძიებო კომისია შეისწავლის იმ დანაშაულებს, რომელიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობით რეჟიმსა და ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
დეპუტატის თქმით, საგამოძიებო კომისია შეისწავლის დანაშაულებს, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდება.
„საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, წინა ხელისუფლების მმართველობით რეჟიმსა და ამ რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებთან დაკავშირებით. ზუსტად ამიტომ, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პირველი – პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს და მეორე – რა თქმა უნდა, ასევე, შეისწავლის იმ დანაშაულებს, რომელიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან. ამით ჩვენ შევეცდებით, ერთხელ და საბოლოოდ ისტორიის ეს ნაწილი დავხუროთ და მოსახლეობას რა კითხვებიც აქვს, ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული“, – აღნიშნავს ლევან მახაშვილი.