აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუბიო თებერვლის შუა რიცხვებში ახლო აღმოსავლეთს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თებერვლის შუა რიცხვებში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, იუწყება Reuters-ი.
რეგიონში რუბიოს პირველი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ღაზას სექტორზე კონტროლი აიღოს, გაასუფთაოს და აღადგინოს ის, პალესტინელებმა კი ღაზა უნდა დატოვონ, რათა უფრო უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შეძლონ.
„რუბიო გაემგზავრება გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და შემდეგ ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და საუდის არაბეთში 13-18 თებერვალს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
ამერიკელი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მოგზაურობის დროს რუბიო განიხილავს ღაზას საკითხს, 2023 წლის 7 ოქტომბრის – „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის – შედეგებს და გააგრძელებს ტრამპის მიდგომას რეგიონში არსებული სტატუს-კვოს შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებით.