top_leaderboard

კოსოვოში არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

კოსოვოში 9 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის პარტია, „თვითგამორკვევა“ ლიდერობს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ბიულეტენების 73%-ის დათვლის შემდეგ კურტის პარტიას 42% აქვს. მეორე და მესამე ადგილზე „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“ და „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ გავიდნენ, რომლებმაც 22,7% და 17,9% მიიღეს.

ამასთანავე, მთავრობის დასაკომპლექტებლად მმართველ პარტიას ხმათა 50% სჭირდება ან მან ოპოზიციურ პარტიებთან კოალიცია უნდა შექმნას. კოსოვოს ოპოზიციას დასავლეთთან ურთიერთობების გადახედვა და სერბეთთან მოლაპარაკების განახლება სურს.

საპარლამენტო არჩევნებს ევროკავშირის 100, ევროსაბჭოს 18 და სხვადასხვა ორგანიზაციის 1600 დამკვირვებელი აკვირდებოდა. არჩევნების დღეს პროკურატურამ 8 ადამიანი დააკავა, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

ალბინ კურტის მთავრობა კოსოვოში მცხოვრები სერბების მიმართ ხისტი კურსის მომხრეა. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბებს სერბეთის ვალუტის, დინარის გამოყენება აეკრძალათ, ასევე ბელგრადიდან სოციალური დახმარების მიღება აიკრძალა. ამან ევროკავშირის და აშშ-ის უკმაყოფილება გამოიწვია და ბელგრადის მხრიდან პრიშტინის კიდევ უფრო სერიოზული იზოლაცია მოჰყვა.

ასევე იხილეთ