კიევისა და სუმის ოლქებში აფეთქებები იყო
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო კიევისა და სუმის ოლქებში. როგორც ქალაქ სუმის მერი არტემ კობზარი Telegram-ზე წერს, „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე-დრონი ავტოსადგომზე ჩამოვარდა მრავალბინიანი სახლების სიახლოვეს. შედეგად, ჩაიმსხვრა ფანჯრები და დაზიანდა მრავალი ავტომობილი.
აფეთქებები იყო კიევის ოლქსა და დედაქალაქის რაიონებშიც. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ერთსართულიან შენობაში, სადაც სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დრონები ასევე დაფიქსირდა ხერსონის, ნიკოლაივის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქებში.
ხოლო Suspilne-ის ცნობით, აფეთქებების ხმა იყო პოლტავაშიც.