კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საერთაშორისო შეთანხმების საკითხზე იმსჯელეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ განიხილეს.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ინფორმაციით, „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ ლისაბონის შეთანხმებას საქართველო 2004 წელს შეუერთდა. მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებებს შეეხება და ამ აქტით გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ვერ ხერხდება.
„2015 წელს ქალაქ ჟენევაში „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ მიიღეს, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად გეოგრაფიულ აღნიშვნასაც იცავს. აღნიშნულ აქტზე საქართველოს მიერთებით ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მოქნილი სამართლებრივი საფუძვლებით გეოგრაფიული აღნიშვნები დაიცვას. დღეისათვის საქართველოში 30 ერთეული გეოგრაფიული აღნიშვნაა რეგისტრირებული“, – განაცხადა გენადი არველაძემ.
მომხსენებლის განმარტებით, გეოგრაფიულ აღნიშვნებს განეკუთვნება ისეთი ზოგადი ცნებები როგორიც არის – ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილული საერთაშორისო შეთანხმების მნიშვნელობა შეაფასა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ჟენევის აქტთან საქართველოს მიერთება საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ჩვენი გეოგრაფიული აღნიშვნები და უფრო მყარი გარანტიები გვქონდეს, რომ შემდგომში ესა თუ ის პროდუქტი საქართველოს სახე და კულტურა იყოს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს შესაბამისი გეოგრაფიული აღნიშვნები აქვს და მათი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა, გარკვეულწილად, ტურისტული მიზიდულობის გარემოზეც აისახება.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტზე“ საქართველოს მიერთების საკითხს, ერთხმად დაუჭირეს მხარი.