ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან მეზობელი თუ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა, მაგრამ, იმიტომ არსებობს ხელისუფლება, რომ რეაგირებები მოახდინოს
ბუნებრივია, რომ არსებობს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან მეზობელი თუ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა, მაგრამ იმიტომ არსებობს ქვეყნის ხელისუფლება, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირებები მოახდინოს. დღეს ჩვენ სწორედ ამ რეაგირებებს ვახდენთ, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გარე ჩარევებზე საუბრისას.
„თქვენ წარმოიდგინეთ რა ვითარება აქვთ შექმნილი. ის, რომ შენ გინდა საერთაშორისო კანონი დაცული იყოს და შენი ქვეყნის ფუძემდებლური უფლება სუვერენიტეტის შესახებ დაცული იყოს, გამოიწვევს ვიღაცის გაღიზიანებას? თუ ვიღაცის გაღიზიანებას ეს გამოიწვევს, ე.ი. ეს არის მისი მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ამის გამო უკან უნდა დავიხიოთ? არავითარ შემთხვევაში. არცერთი ქვეყანა ამას ასე არ გააკეთებს და არ მეგულება ქვეყანა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი არ აღელვებდეს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, იცვლება, მათ შორის, გლობალური დამოკიდებულება ქვეყნების სუვერენიტეტთან დაკავშირებითაც. ყოველ შემთხვევაში, ის განცხადებები, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა, რომ პატივცემული უნდა იყოს თითოეული ქვეყნის უფლება მისი სუვერენიტეტის შესახებ და გამომდინარე აქედან უნდა იყოს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ეს იმედს იძლევა, რომ ასეთი ტიპის ჩარევები, ყოველ შემთხვევაში, მინიმუმამდე დავა.
ბუნებრივია, რომ არსებობს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან მეზობელი თუ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ამა თუ იმ ფორმით ჩარევა, მაგრამ იმიტომ არსებობს ქვეყნის ხელისუფლება, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირებები მოახდინოს. დღეს ჩვენ სწორედ ამ რეაგირებებს ვახდენთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, უხეში ჩარევა პოლიტიკურ პროცესში, უხეში ჩარევა სხვადასხვა მექანიზმებით, არაკანონიერი, გაუმჭვირვალე დაფინანსებებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, პარტიების ირიბი დაფინანსებებით და ა.შ. ეს საბოლოო ჯამში იძლევა ძალიან სავალალო სურათს, ვინაიდან, ზიანდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა.
„ამიტომ, ეს ყოვლად დაუშვებელია და ვფიქრობ, რომ ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, დღეს უკვე მსოფლიოში ლიდერი დემოკრატიული სახელმწიფოს, აშშ-ს გაცხადებული პოლიტიკაა. ამიტომ, ეს ჩვენ ოპტიმიზმს ზრდის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც სამართლიანი მოპყრობა იქნება. ეს გვინდა ჩვენ. ჩვენ არ გვინდა არაფერი მეტი, გარდა იმისა, რასაც საერთაშორისო სამართალი და ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობა გულისხმობს თავის თავში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.