მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-მა შეაჩერა საგარეო დახმარება, პრიორიტეტების გადახედვის მიზნით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაწევაზე უარს არ ამბობს, მაგრამ პროცესის და სტრუქტურის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამის შესახებ მან SiriusXM Patriot-ის პოდკასტის წამყვანთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ სათანადო საგარეო დახმარება კარგია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორი სახის”, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, იდეა, რომ შეერთებულმა შტატებმა „40-დან 60 მილიარდ დოლარამდე უნდა დახარჯოს საგარეო დახმარებაზე და რომ მთელი ეს ფული გონივრული მიზნებისთვის მიდის, აბსურდია“.
„ამ თანხების ნაწილი არაეფექტურად იხარჯება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა უცხოური დახმარების გადახედვა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი USAID-ის, ნაწილი კი სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით გადის.
„დაადგინეთ პროექტები, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, გააგრძელეთ ამ ინიციატივების დაფინანსება და თავიდან აიცილეთ ისინი, რომლებიც ფულის ფლანგვაა, ან თუნდაც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს მსოფლიოში“, – აღნიშნა რუბიომ.
მისივე თქმით, ამჟამად შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ყოველგვარი საგარეო დახმარება ყველა პროექტის გადახედვის მიზნით. პროექტები, რომლებსაც აზრი არ აქვს, აღმოიფხვრება, ხოლო ისინი, რომლებსაც სარგებელი მოაქვს, შენარჩუნდება და შესაძლოა, გაძლიერდეს კიდეც.