top_leaderboard

სანტორინი ადგილობრივებისგან თითქმის სრულად დაცლილია

საბერძნეთის კუნძული სანტორინი, სადაც ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 10 000 მიწისძვრა მოხდა, ადგილობრივი მცხროვრებლებისგან თითქმის სრულად დაცლილია. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde წერს.

სეისმოლოგების აზრით, საბერძნეთის ყველაზე პოპულარულ კურორტზე ძლიერი მიწისძვრის საშიშროება შემცირებულია, თუმცა ამ ეტაპზე, სანტორინის 15 000 მუდმივი მცხოვრებიდან 11 000-ს კუნძული დატოვებული აქვს.

როგორც NBC News წერს, ევაკუაციის პროცესი გრძელდება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეაჩერა მშენებლობები და სკოლები დახურა როგორც სანტორინიზე, ისე, ახლომდებარე იოსის, ამორგოსი და ანაფის კუნძულებზე. ამასთან, ადგილობრივები და სასტუმროების მფლობელები გაფრთხილებული არიან, წყლისგან დაცალონ აუზები, რომ მიწაზე ზეწოლა შემცირდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები და სეისმოლოგები მეწყერის მაღალი რისკის შესახებაც მიუთითებენ. მათ შორის, კუნძულის მთავარ ათინიოსის პორტთან, რომელიც წელიწადში 1.5 მილიონ მგზავრს ემსახურება.

საბერძნეთში სეისმური აქტივობა დღესაც გრძელდება. 11 თებერვალს, მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ქვეყანაში 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების უმეტესობა ციკლადის კუნძულებზე დაფიქსირდა.

ასევე იხილეთ