top_leaderboard

ვატო შაქარაშვილი: უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, საბოტაჟი დასჯადი იქნება სისხლის სამართლის კოდექსით

საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელი ვატო შაქარაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც შაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ქვეყნის ღალატი, საბოტაჟი და ქვეყნის ინტერესების დაზიანება სხვის სასარგებლოდ და ფინანსური ინტერესების გამო, იყოს დასჯადი.

მისივე თქმით, შეეცდება, პროკურატურას მიაწოდოს შესაბამისი მასალები, რათა საქმის ფარგლებში მუხლების ჩამონათვალი გაფართოვდეს, გაიზარდოს და სხვა მუხლებითაც დაინტერესდეს გამოძიება.

აუცილებელია, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ღალატი, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება სხვის სასარგებლოდ და ფინანსური ინტერესების გამო იქნეს დასჯადი. ეს პრეცედენტი აუცილებელია, რათა ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან, ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, დამშვიდდეს და პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია და არა ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ფულის და სხვა მერკანტილური ინტერესების სანაცვლოდ ღალატობენ ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან სხვის ინტერესებს და ამაში იღებენ ფულს. ეს პროცესი უნდა მივიდეს თავის შედეგამდე, რაც იქნება კონკრეტული ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. ყველაფერი არის ხელისგულზე და დღეს მოვედი იმისთვის, რომ ჩვენს ხელთარსებული საჯარო მასალები წარვუდგინო გამომძიებლებს, პროკურატურას და ვფიქრობ, რომ სხვა მუხლებითაც, კერძოდ 317-ე და 321-ე პრიმა მუხლებით უნდა დაინტერესდეს გამოძიება, რაც გულისხმობს მოწოდებებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ და ასევე, 321-ე პრიმა მუხლი – ეს არის დაფინანსება ისეთი პროცესების, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლების შერყევას. საზოგადოებამ განსაჯოს, არის თუ არა ამ ოთხი პარტიის და ოპოზიციად წოდებული აგენტურული ქსელის საქმიანობა წლების განმავლობაში სწორედ 317-ე და 321-ე პრიმა მუხლების იურისდიქციაში, ცხადია, არის და ვეცდები პროკურატურას მივაწოდო შესაბამისი მასალები, რათა მუხლების ჩამონათვალი გაფართოვდეს, გაიზარდოს და სხვა მუხლებითაც დაინტერესდეს გამოძიება.

მე მაქვს მოტანილი თან ამერიკის პრეზიდენტის, ასევე ილონ მასკის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იუესეიდი“, „ნედი“ და სხვა ფონდები, რომლებიც ფინანსდება და ივსება ამერიკელთა გადასახადებით სხვადასხვა ქვეყანაში, და კერძოდ, საქართველოსა და უკრაინაში, ირიცხებოდა იმისათვის, რომ აქ მომზადებულიყო რევოლუციური პროცესები, დაფინანსებულიყო ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები და პროცესები. ამას არ ლაპარაკობს საქართველოს შიდა პოლიტიკით დაინტერესებული რომელიმე ადამიანი, არამედ ამას ლაპარაკობს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის პირდაპირ კავშირში დაწყებულ გამოძიებასთან იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციები მათ შორის პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც ღიად, საჯარო წყაროებიდან, მე ეს მასალებიც მოტანილი მაქვს, ფინანსდებიან სწორედ „იუესეიდიდან“, „ნედიდან“, ამ ქვეყანაში მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება, მუდმივ რყევაში ყოფნა, მუდმივი დესტრუქციული პროცესები, შესაბამისად, ცხადია, ისინი ამაში იღებენ ფულს“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

მისივე შეფასებით, იმდენად შეზრდილია არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომ ისინი ერთი მთლიანი აგენტურული ქსელის ნაწილია.

ამ ქსელის აშენებას ხმარდებოდა ის თანხები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა უცხო ქვეყნებიდან, ეს იქნებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან. ეს უკვე გამოძიების საკითხია ვის მიმართ, რომელი ორგანიზაციის თუ ფიზიკური პირის მიმართ იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომ მათ უკვე ბრალი წარედგინოს. ვფიქრობთ, რომ ეს ქსელი არის ძალიან ფართო, მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმ ოთხ ბარიერგადალახულ პარტიას. ამ ადამიანებმა – გახარიამ, ხაზარაძემ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, პასუხი უნდა აგონ იმისათვის, რაც მათ ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მამუკა ხაზარაძის სულ ბოლო განცხადებას შეგახსენებთ, რომელმაც საქართველო შესთავაზა უცხო ქვეყანას, რომ გამოიყენოს ამ ქვეყანამ საკუთარი ინტერესებისთვის. ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედება და ეს არ უნდა დარჩეს პოლიტიკური შეფასების ნაწილში, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ საკუთარი ქვეყნის ღალატი დასჯადი იქნება სისხლის სამართლის კოდექსით“, – აცხადებს ვატო შაქარაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება.

ასევე იხილეთ