top_leaderboard

რუსეთმა აშშ-ის მოქალაქე მარკ ფოგელი გაათავისუფლა

რუსეთმა პატიმრობაში მყოფი აშშ-ის მოქალაქე მარკ ფოგელი გაათავისუფლა. ის რუსეთიდან აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფმა წაიყვანა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცმა განაცხადა, ფოგელის გათავისუფლება გაცვლის გზით მოხდა. ვინ გაცვალეს ფოგელში, აშშ-ის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია.

სტივ უიტკოფი 2 დღის წინ მოსკოვში ბიზნეს-ჯეტით ჩაფრინდა. The New York Times წერს, რომ ის მოსკოვთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა მარკ ფოგელის გათავისუფლების საკითხზე.

მოსკოვში უიტკოფის ჩასვლასთან დაკავშირებით კრემლში არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მარკ ფოგელი ადრე მოსკოვში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი იყო. შემდეგ ის ამერიკულ სკოლაში მუშაობდა. 2022 წლის აგვისტოში ფოგელი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულს მარიხუანა და ჰაშიშის ზეთი აღმოუჩინეს.

2022 წლის ზაფხულში მარკ ფოგელს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ფოგელი დანაშაულს არ აღიარებდა.

ასევე იხილეთ