top_leaderboard

„ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, მათ ჟურნალისტს ოვალურ კაბინეტში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალეს, რადგან სააგენტო სახელწოდება „ამერიკის ყურის“ ნაცვლად, „მექსიკის ყურეს“ იყენებს

„ესოშიეთიდ პრესის“ განცხადებით, მათ ჟურნალისტს ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალეს იმის გამო, რომ საინფორმაციო სააგენტო სახელწოდება „ამერიკის ყურის“ ნაცვლად, „მექსიკის ყურეს“ იყენებს.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, სააგენტოს მანამდე აცნობეს, რომ თუ არ „შეუსაბამებდა თავის სარედაქციო სტანდარტებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევის შესახებ, მათ აეკრძალებოდათ ოვალურ კაბინეტში ღონისძიებაზე დასწრება“.

შემაშფოთებელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ესოშიეთიდ პრესს“ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გამო სჯის. ოვალურ კაბინეტში ჩვენი წვდომის შეზღუდვა „ესოშიეთიდ პრესის“ გამოხატვის შინაარსის გამო არა მხოლოდ მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოების წვდომას დამოუკიდებელ ახალ ამბებზე, არამედ აშკარად არღვევს პირველ შესწორებას“, – განაცხადა საინფორმაციო სააგენტოს აღმასრულებელმა რედაქტორმა, ჯული პეისმა.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ თეთრი სახლის ქმედება „მიუღებლად“ შეაფასა და კურსის შეცვლისკენ მოუწოდა.

„თეთრ სახლს არ შეუძლია, უკარნახოს საინფორმაციო ორგანიზაციებს, როგორ გააშუქონ ახალი ამბები და არც მომუშავე ჟურნალისტები უნდა დასაჯოს იმის გამო, რომ უკმაყოფილოა მათი რედაქტორების გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, იუჯინ დენიელსმა.

საუბარია დღეს ოვალურ კაბინეტში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ილონ მასკიც იღებდა მონაწილეობას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე.

ასევე იხილეთ