მედვედევის თქმით, კიევზე იერიშები ნაწილია კონცეფციის – „მშვიდობა ძალის მეშვეობით“
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე 12 თებერვალს მიტანილი იერიშები კონცეფციის – „მშვიდობა ძალის გამოყენებით“ ნაწილია.
ამით, ის გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
„მშვიდობა ძალის მეშვეობით – ზოგჯერ, ეს კონცეფცია მართლაც მუშაობს. მაგალითად, ძალთა რეალური ბალანსის დემონსტრირებით და არა ვინმეს მიერ გამოგონილი ძალთა ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედებებსაც კი (იერიშები კიევზე) არ ძალუძს მთლიანად გაუწმინდოს ტვინი იმ არალეგიტიმურ ტაკიმასხარებს, რომლებიც სისულელეებს საუბრობენ ტერიტორიების გაცვლაზე. ასეთი ადამიანებისთვის, განკურნების ერთადერთი გზაა, ისევ რუსად იგრძნონ თავო. აშშ-ის პრეზიდენტის რჩევით“, – წერს მედვედევი Telegram-ზე.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ დონალდ ტრამპი მოახერხებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას, ის გეგმავს რუსეთს ტერიტორიების პირდაპირი გაცვლა შესთავაზოს – „ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეში გავცვლით“, – განაცხადა ზელენსკიმ.