ზელენსკი: სანამ ამერიკული მხარე რუსულ მხარეს შეხვდება, ჯერ უკრაინასთან უნდა გაიმართოს შეხვედრა, რადგან ჩვენ ომში ვართ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლსა და თეთრ სახლს შორის კომუნიკაციის შესახებ დეტალები არ იცის, მაგრამ იმედოვნებს, რომ რუსეთთან შეხვედრამდე, უკრაინული მხარე ტრამპის ადმინისტრაციას შეხვდება. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის ჰკითხეს უცხოური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპი ტელეფონით თავის რუს კოლეგას ესაუბრა.
„გულწრფელად, დეტალები არ ვიცი. მას ალბათ ნამდვილად არ სურს, რომ ყველამ იცოდეს დეტალები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთთან შეხვედრამდე, უკრაინული მხარე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდეს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ ამერიკული მხარე რუსულ მხარეს შეხვდება, უკრაინულ მხარესთან გაიმართოს შეხვედრები, რადგან ჩვენ ვართ ომში. ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაგრამ პუტინს არ სურს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საერთო ხედვა და შემდეგ დავუკავშირდეთ რუსულ მხარეს. მე მჯერა, რომ ეს უფრო პროდუქტიული იქნება“, – დასძინა ზელენსკიმ.