ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სრულიად აცდენილია რეალობას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია იმ რეზოლუციას აფასებს, რომელსაც ხვალ ევროპარლამენტში კენჭს უყრიან. ირაკლი კირცხალიას თქმით, ეს რეზოლუცია ყველანაირ რეალობას აცდენილია.
„გვარამია და ჯაფარიძეა ჩასული და რა უნდა უკარნახონ ბრიუსელს?! როგორ უნდა ვისაუბრო სერიოზულად იმ რეზოლუციაზე, სადაც სააკაშვილის ფაქტორი ამოდის ისევ, სადაც სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული წესით დამნაშავეებზეა საუბარი. ეს რეზოლუცია სრულიად აცდენილია ყველანაირ რეალობას.
ისევ და ისევ გარედან კარნახი, ისევ ლობიზმი, ისევ ვიწროპარტიული ინტერესებით ნაკარნახევი განცხადებები და რეზოლუციები… როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მილევად რეჟიმში გადავა, რადგან ვხედავთ როგორ ვითარდება სიტუაციები მსოფლიოში და მათ შორის ევროკავშირში, მათი ბიუროკრატიების მიმართ. ეს არის ისევ იგივე წრე, რომლითაც სამწუხაროდ თვითონვე დაიზიანეს და დააზიანეს თავის იმიჯი და ავტორიტეტი, რასაც ევროკავშირი და მისი ინსტიტუციები წარმოადგენდა.
ეს არის რაღაც კონკრეტული ლობისტური ჯგუფების უკმაყოფილების გამოხატვა, რომ მათთვის სასურველმა აგენტურამ და პარტიამ საქართველოში ვერ გაიმარჯვა. ამ ყველაფრის გამოძახილია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.