ბაქოს გრანდ სლემზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს ძიუდოს გრანდ სლემის ტურნირი დაიწყება. შეჯიბრება 14-16 თებერვალს გაიმართება, ხოლო მედლებისთვის რვა ქართველი ძიუდოისტი (6 კაცი, 2 ქალი) იბრძოლებს.
დღეს ბაქოში ჩვენი გუნდის ორი წევრი იასპარეზებს – 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძე და 57 კგ-ში – ეთერ ლიპარტელიანი.
14 თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 15 თებერვალს – კაცთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ-ებში, ხოლო 16 თებერვალს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში.
სამივე დღეს ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.