„სამგურალის“ იტალიელი მწვრთნელი ახალწვეულებით კმაყოფილია – ხორხელი „იბერიაში“ გაიზრდება, გაფრინდაშვილი საინტერესო ახალგაზრდაა
წყალტუბოს „სამგურალის“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, როდოლფო ვანოლიმ თურქულ შეკრებაზე კომენტარი გააკეთა. მისი გუნდი ჯერაც დაუმარცხებელია. ასევე, მან ახალწვეულებზეც ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ გუნდმა თბილისის „იბერიაში“ ნიკა ხორხელის გაშვების პარალელურად 20 წლის ნახევარმცველი სანდრო გაფრინდაშვილიც დაიმატა.
„განვლილი სამი ამხანაგური მატჩი რომ შევაფასოთ, როგორც შედეგით, ასევე ხარისხითა და ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით, ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდი დღითი დღე ვითარდება. ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის იბრძვიან და სწორ მენტალიტეტს ავლენენ.
წარმატებისთვის ბევრი უნდა ვიმუშაოთ. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, ჩემპიონატი ჩავარდნის გარეშე ჩავატაროთ. დიდ მიზნებზე ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბიჭები მზად არიან, ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ბოლომდე დაიხარჯონ.
რაც შეეხება ახალწვეულებს, მათი უმრავლესობა გუნდს კარგად შეეწყო. მაგალითად, დავით მუჯირი და გიორგი ფანცულაია „სამგურალის“ სისტემას შესანიშნავად მოერგნენ. ახლახან სანდრო გაფრინდაშვილიც („იბერიადან“) შემოგვიერთდა, რომელიც ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ჩანს.
დანაკლისზეც უნდა ვთქვა – მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ნიკა ხორხელი დაგვაკლდა, რომელიც „იბერიაში“ გადავიდა. ჩემი და ხელმძღვანელობის საერთო აზრი იყო, რომ ჩემპიონ გუნდში მისი გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ის კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება, ახლა კი მისთვის გარემოს შეცვლა ჯობდა“, – ამბობს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი.