იონათამიშვილი ელისაშვილის პოსტზე: დუბაის მმართველიც კი შეურაცხყვეს, აქედან ჩანს მათი პოლიტიკური გოიმობა და სიქაჯე
„დუბაის მმართველიც კი შეურაცხყვეს, აქედან ჩანს მათი პოლიტიკური გოიმობა და სიქაჯე“, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი ალეკო ელისაშვილის Facebook პოსტს, სადაც ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩაცმულობაზე წერდა.
იონათამიშვილის თქმით, ელისაშვილი და ზოგადად ოპოზიცია შინაარსისგან დაცლილია.
„ამ ადამიანებს უნდოდათ, „ქართული ოცნების“ მიმართ ეთქვათ რაღაც შეურაცხმყოფელი და საბოლოო ჯამში, გამოუვიდათ, რომ დუბაის მმართველიც კი შეურაცხყვეს, აქედან ჩანს მათი პოლიტიკური გოიმობა და სიქაჯე, ასევე, ის, თუ როგორ სძულთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვენს ქვეყანასთან.
საზოგადოებამ იცის, რომ დუბაისა და საამიროების ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, ისტორიული და მასშტაბური არის და ამ ყველაფერ ებრძვიან ისინი. ძალიან კარგი, გააგრძელოს ეს ლუსტრაცია, ყველა დაინახავს სინამდვილეში, როგორ დაცლილები არიან ეს ადამიანები შინაარსისგან“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.