სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ოთხი ანგარიში მოისმინეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ოთხი ანგარიში მოისმინეს.
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვა, შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, აუდიტის ობიექტები იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, ხოლო აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023 – 2024 წლებს.
მომხსენებლის ინფორმაციით, შესწავლილი იქნა 3 ძირითადი მიმართულება – მომსახურების ხელმისაწვდომობა; სოფლის ექიმების პროდუქტიულობის წინაპირობები და პროგრამის ადმინისტრირება და მონიტორინგი. მისი თქმით, 2015 წლის შემდგომ, პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა მათ შორის, გაიზარდა სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობა ასევე, საოჯახო მედიცინის სერტიფიკატის მქონე ექიმების წილი და გაუმჯობესდა სოფლის ექიმების სამუშაო დროის მონიტორინგი.
გიორგი კაპანაძემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე და გაცემულ ხუთ რეკომენდაციაზე. პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში ჯგუფის წევრებს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა გააცნო.
მისი თქმით, აუდიტის პერიოდი მოიცავს 2022-2023 წლებს და აუდიტის ობიექტებს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი.
მისი თქმით, აუდიტის საგანი იყო ინფექციების მართვის მიზნით დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობა. როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული საკითხი დაიფარა ორი მიმართულებით – ინფექციების მართვის პოლიტიკა და განხორციელებული ქმედებები და ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის მიზნით დანერგილი მექანიზმების ეფექტიანობა. მარიამ ზაალიშვილის ინფორმაციით, აუდიტის ფარგლებში დაიფარა სახელმწიფო პროგრამები – ეპიდზედამხედველობა და ასევე იმუნიზაცია – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
მომხსენებელმა აუდიტის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე და გაცემულ 3 რეკომენდაციაზე დეტალურად ისაუბრა. მარიამ ზაალიშვილმა ჯგუფის წევრებს კიდევ ორი ანგარიში წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა ციფრული ჯანდაცვის ეფექტიანობის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, აუდიტის ობიექტებს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი – სსიპ. ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო; სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; და ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი. მომხსენებლის ინფორმაციით აუდიტის საგანს წარმოადგენდა ციფრული ჯანმრთელობის ელემენტების ეფექტიანი და პროდუქტიული მართვა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2020-2023 წლებს და გაცემულია ოთხი რეკომენდაცია.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები ეხება ციფრული ჯანდაცვის ელემენტების დაგეგმვასა და განვითარებას და ასევე, ციფრული ჯანდაცვის ელემენტების გამოყენებას.
მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიც მოისმინეს, რომელიც ასევე, მარიამ ზაალიშვილმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
აუდიტის საგანი იყო სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მიმართულებით შემუშავებული და დანერგილი მეთოდოლოგიისა და მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება. აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2022-2023 წლები. მომხსენებლის ინფორმაციით შესწავლილი იქნა სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მეთოდოლოგია და დანერგილი მექანიზმები და ასევე, პაციენტების საჩივრებისა და განცხადებებზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანობა, რომლის ფარგლებშიც გაცემულია 6 რეკომენდაცია.
აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც გამოთქმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.