რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელს უკვე შეხვდა
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელს. ამის შესახებ დმიტრიევმა „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს ჯერჯერობით პირდაპირი დაპირებები რუსი კოლეგებისთვის არ მიუციათ.
„ვფიქრობ, რომ დაპირება ასეთია, მოდით ვაწარმოოთ დიალოგი, მოდით ვიპოვოთ საუკეთესო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნებისთვის, სხვა ქვეყნებისთვის, მსოფლიო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა დმიტრიევმა.
ამასთან დმიტრიევი უარყოფს, რომ რუსეთი შეხვედრის დროს სანქციების შემსუბუქებას მოითხოვს. მან აღნიშნა, რომ ერთობლივმა მუშაობამ შეიძლება, სარგებელი მოუტანოს როგორც რუსულ, ისე ამერიკულ ეკონომიკას.
„მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხიდების გადება. ვფიქრობ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის,“ – განაცხადა დმიტრიევმა.