top_leaderboard

პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირს სურს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად ახალი ფონდი შექმნას

ევროკავშირს სურს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად ახალი ფონდი შექმნას, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონური სააგენტოების ცნობით, ევროკავშირის ელჩები დაიწყებენ ახალი ფონდის შექმნის ინიციატივის განხილვას, რომელიც დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაყოფლობითი შენატანებით.

მთავარი მიზანია – უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილება, მათ შორის საუბარია მსხვილკალიბრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადების აღდგენასა და უკრაინის სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერაზე.

მედიის ცნობით, ფონდის დაფინანსება განხორციელდება წევრი სახელმწიფოების ნებაყოფლობითი შენატანებით, მათი ეროვნული შემოსავლის პროპორციულად, ასევე გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით, რაც დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებს ფინანსური ტვირთის შემცირებაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ევროპულ ქვეყნებს შეეძლებათ გადაწყვიტონ, როგორ გაუწევენ დახმარებას უკრაინას – იარაღის მიწოდებით, თუ საერთო ფონდში შენატანების მეშვეობით. ახალი ინიციატივა ითვალისწინებს სახსრების ხარჯვის მოქნილ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის სტატუსის პატივისცემას, მაგალითად, ისეთი ქვეყნების, რომლებიც სამხედრო საკითხებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ,

ამასთან, ახალი ფონდი არ ჩაანაცვლებს „ევროპის მშვიდობის ფონდს“, რომლის გამოყენებითაც უკრაინის მხარდაჭერას უკვე რამდენიმე თვეა ბლოკავს უნგრეთი. იმისათვის, რომ ახალი მექანიზმი საერთოევროპული გახდეს, იგი უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ.

თუმცა, განმეორებითი ჩიხური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ინიციატივაში მონაწილეობა შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი“, – წერს პოლონური მედია.

ასევე იხილეთ